English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ვახტანგ ბურდული
საქართველოს რეგიონების ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და მისი გაუმჯობესების ზოგადი მიმართულებები

ვრცელი რეზიუმე

საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარების დაჩქარება ქვეყნის წინაშე მდგარ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ამ ამოცანის გადაწყვეტა მთავრობის მიერ ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად არის აღიარებული ეკონომიკური განვითარების ოთხი მიმართულებიდან. კერ¬ძოდ, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, “რეფორმების მესამე ბლოკი რეგიონების განვითარებას გულისხმობს, რომელიც აღნიშნულ პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი უნდა იყოს”. რეფორმირების, ესე იგი რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო, რეგიონული და ბიზნეს-კოორდინაციის მექანიზმების სრულყოფის გზების განსაზღვრისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რეგიონების ეკონომიკის თანამედროვე მდგომარეობის სტატისტიკური კვლევის ჩატარება ეკონომიკის განვითარების დონის ქვეყნის შიდა და ქვეყნებსშორისი შედარებებით უმნიშვ-ნელოვანესი ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით და ამის საფუძველზე რეგიონებში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების ძირითადი მიმართულებების გამოვლენა.

ისევე, როგორც ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონე ფასდება, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის ერთ სულზე შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებლით, ქვეყნის რეგიონების ეკონომიკური განვითა-რების დონეც პირველ რიგში ფასდება რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების (მდღ) მაჩვენებლით, რომელ¬საც მრავალი შესაბამისი სამეცნიერო და სტატისტიკური კლევის პრაქტიკაში ეწოდება მთლიანი რეგიონული პროდუქტი (მრპ). თუ შევადარებთ საქართვე-ლოში ერთ სულ მოსახლეზე შექმნილ მშპ მაჩვენებელს სხვა ქვეყნების ანა-ლოგიურ მაჩვენებლებს, აღმოჩნდება, რომ საქართველო ამ მაჩვენებლის მიხედ-ვით (2013 წელს 3.52 ათასი დოლარი მოსახლეობის ერთ სულზე) საკმაოდ ჩამორჩენილი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება.

გავაანალიზოთ, როგორია მდგომარეობა საქართველოს რეგიონებში.

სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ მდღ-ის თითქმის ნახევარი (48.4%) შექმნილია ქ. თბილისში (ამასთან, მისი მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს საქართველოს მთელი მოსახლეობის დაახლოებით 1/4 ნაწილს _ უფრო ზუსტად, 26%). ამასთან, ქ. თბილისის მდღ (მრპ)-ს მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებული მაჩვენებელი 1,97-ჯერ აღემატება მეორე ადგილზე მყოფ ქვემო ქართლის მაჩვენებელს და 2,96-ჯერ ამ მაჩვენებლის მიხედვით უკანასკნელ ადგილზე მყოფ სამცხე-ჯავახეთს. უპირველეს ყოვლისა აღვნიშ¬ნავთ, რომ ასეთი სიტუაცია, როცა დედაქალაქის ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა მკვეთრად აღემატება სხვა რეგიონების მაჩვენებლებს, დამახასიათებელია ბევ¬რი სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნისათვისაც, ამასთან, განსხვავება რეგიონებს შორის უფრო მკვეთრადაა გამოკვეთილი. მაგალითად, მოსკოვის მაჩვენებელი (29.27 ათასი დოლარი მოსახლეობის ერთ სულზე), რომელსაც რეიტინგის მიხედვით მე-5 ადგილი უკავია (ამ მაჩვენებლის მიხედვით მოსკოვს უსწრებს ოთხი სუბიექტი, სადაც დიდი ოდენობით ხდება ბუნებრივი აირის და ნავთობის მოპოვება), 3,21-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე კრასნოდარის მხარის მაჩვენებელი (რეიტინგი 28) და 6.40-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზე მყოფი ივანოვოს ოლქის (რეიტინგი 76) მაჩვენებელი. უკრაინაში ქ. კიევის მაჩვენებელი (12.19 ათასი აშშ დოლარი მოსახლეობის ერთ სულზე) 2.19-ჯერ აღემატება მეორე ადგილზე მყოფ დნეპროპეტროვსკის ოლქის მაჩვე¬ნებელს და 6.70-ჯერ ბოლო ადგილზე მყოფ ჩერნოვცის ოლქის მაჩვენებელს.

როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვა რეგიონების მრპ (მდღ)-ს მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებული მაჩვენებლები გაცილებით უფრო მცირეა რუსეთის და უკრაინის რეგიონების მაჩვენებლებზე, რაც მეტყველებს საქართველოს რეგიონების მნიშვნელოვან ჩამორჩენილობაზე. ასე მაგალითად, თბილისის მაჩვენებელი (რომელშიც არ შედის სოფლის მეურნეობის შემადგე-ნელი, რომელიც, პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, და, განსაკუთრებით საქართვე¬ლო¬ში, ქვემოთ გაშუქებული მიზეზების გამო, ძალიან ამცირებს საერთო რეგიო¬ნულ მაჩვენებლებს) 2.15-ჯერ უფრო მცირეა ვიდრე კიევის მაჩვენებელი და 5.17-ჯერ უფრო მცირე, ვიდრე მოსკოვის.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ქ. თბილისის მრპ (მდღ) მაჩვენებელი მკვეთრად, თითქმის 2-3-ჯერ, აღემატება დანარჩენი რეგიონების ამ მაჩვენებ¬ლებს, ამასთან, თვით დანარჩენ რეგიონებს შორის განსხვავება ამ მაჩვენებლის მიხედვით უმნიშვნელოა (ამით სიტუაცია საქართველოში განსხვავდება სიტუა-ციი¬საგან რუსეთში, სადაც, დადაქალაქის გარდა, სხვა დანარჩენ რეგიონებს შორის ასევე არსებობს მკვეთრი განსხვავება ამ მაჩვენებლის სიდიდეში). მაგალითად, მეორე ადგილზე მყოფი ქვემო ქართლის მაჩვენებელი (4.8 ათასი ლარი მოსახლეობის ერთ სულზე მხოლოდ 1.50-ჯერ აღემატება უკანასკნელ ადგილზე მყოფ სამცხე-ჯავახეთის მაჩვენებელს (3.25 ათასი ლარი მოსახლეობის ერთ სულზე). ამასთან, ამ მაჩვენებლის მიხედვით მეორე და მესამე (აჭარა _ 4.53 ათასი ლარი მოსახლეობის ერთ სულზე) ადგილებზე მყოფი რეგიონების მაჩვენებლებს გააჩნია გარკვეული დაშორება შემდეგ ადგილებზე მყოფ მაჩვენებლებისაგან, სადაც მეოთხე ადგილზე მყოფი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მაჩვენებელი (3.56 ათასი ლარი მოსახლეობის ერთ სულზე) მხოლოდ 1.10-ჯერ აღემატება უკანასკნელ ადგილზე მყოფ სამცხე-ჯავახეთის მაჩვენებელს.

ახლა შევეცდებით ავხსნათ, თუ რატომ უსწრებს თბილისის რეგიონის მრპ-ს მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებული მაჩვენებლის სიდიდე 2-3-ჯერ საქართველოს დანარჩენი რეგიონების მაჩვენებლების სიდიდეებს. უპირველეს ყოვლისა, ეს იმით აიხსნება, რომ რეგიონებში უფრო მცირე წვლილი მრპ-ში უკავია საქმიანობის ზოგიერთ იმ სახეებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ქმნიან დამატებული ღირებულების დიდ მასას (ამასთან, ერთ დასაქმებულზე შექმნილი მდღ მათში სოფლის მეურნეობის მაჩვენებელთან შედარებით მაღალია), ისეთების, როგორიცაა მრეწველობა (განსაკუთრებით, გადამამუ¬შავე¬ბელი), ვაჭრობა, საფინანსო შუამავლობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. მაგალითად, საფინანსო შუამავლობაში ბანკებს შეიძლება ჰქონდეთ ფილიალები რეგიონებში, მაგრამ, ოპერაციების უმეტესება წარმოებს თბილისში (ან სხვა ქალაქში, რომელშიც განლაგებულია ცენტრალური ოფისი) და ამ საქმიანობით შექმნილი დამატებული ღირებულება ძირითადად აღირიცხება თბი¬ლისში (ასეთივე პრაქტიკა მიღებულია რუსეთშიც). დამატებული ღირებულება, შექმნილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების და ნედლეულის საბითუმო და საცალო ვაჭრობის შედეგად, უპირველეს ყოვლისა, აღირიცხება თბილისში და სხვა მსხვილ ქალაქებში. ასევე, თბილისში და ზოგიერთ სხვა ქალაქში გან-ლაგებულია ისეთი მსხვილი სავაჭრო ორგანიზაციები, რომლებიც ქმნიან დამა-ტებულ ღირებულებას საექსპორტო და საიმპორტო ოპერაციების შედეგად. რაც შეეხება მრეწველობას, ამ დარგს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს კიდევ სამ რეგიონში. გარდა ამისა, თბილისში არ არსებობს სოფლის მეურნეობა. ამას¬თან, სოფლის მოსახლეობის წილი შეადგენს საქართველოს მთელი მოსახ¬ლეობის 46,3%, ამასთან, თბილისის გარდა, სხვა დანარჩენ რეგიონებში გაცი¬ლებით უფრო მეტს, მაგალითად, კახეთში _ 77.2%, გურიაში _ 73,5%, რაჭა-ლეჩ¬ხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში _ 80.2%, იმერეთში _ 52,2%. სოფლად დამატებული ღირებულების უმეტესი წილი იქმნება სოფლის მეურნეობაში საქმიანობით. საქმიანობის სხვა სახეებით მიღებული წილი კი სოფლად ძა¬ლიან მცირეა (პროდუქციის გადამუშავების შინამეურნეობების მიერ, ტექ¬ნიკის რემონტისა და განათლების გამონაკლისით). ისიც უნდა გავითვალის¬წინოთ, რომ სოფლის მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე წარმოებული (შექმნილი) მდღ-ს მაჩვენებელი საქართველოში ძალიან დაბალია საქმიანობის სხვა სახეების მაჩვენებლებთან შედარებით. ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს თბილისის მრპ-ს მოსახლეობის ერთ სულზე შექმნილი მაჩვენებლის სიდიდის აღნიშნულ განსხვავებას სხვა რეგიონების მაჩვენებლების სიდიდეებისაგან.

სტატიაში ასევე გაანალიზებულია ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჭრილში რეგიონების მრპ ფორმირება, ამასთან, საქმიანობის ყოველი სახის მიხედვით ერთ დასაქმებულზე შექმნილი დამატებული ღირებულების მაჩვენებლის  განხილვით.

რეგიონული ეკონომიკის განვითარებისა და მისი დივერსიფიკაციის დო-ნეზე გარკვეულწილად თვალნათელ წარმოდგენას გვაძლევს რეგიონში შექმნილი დამატებული ღირებულების (მრპ-ს) განაწილება საქმიანობის სახეე¬ბის ჭრილში. რეგიონული განვითარების ხარისხის შესაფასებლად ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს საქმიანობის კონკრეტული სახეების ჭრილში მთლიანად ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში კონკრეტული რეგიონების მიერ შეტანილი წვლილის გამოვლენას. ამიტომ, ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჭრილში ჩვენ გავაანალიზეთ რეგიონების მრპ-ს ფორმირებისა და, ასევე, ქვეყნის მასშტაბებით ეკონომიკური საქმიანობის ყოველი სახის მიხედვით შექმნილ დამატებულ ღირებულებაში ყოველი რეგიონის მიერ შეტანილი წვლილი.

რეგიონული ეკონომიკის განვითარების ხარისხზე არაპირდაპირ წარ-მოდგენას ასევე გვაძლევს საქმიანობის ყოველი სახის მიხედვით ერთ დასაქ¬მე-ბულზე გაანგარიშებული დამატებული ღირებულების მაჩვენებელი. საქართვე-ლოს ეკონომიკის შესაბამისი მაჩვენებლების შედარებისათვის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებთან სტატიაში ასევე წარმოდგენილია რიგი განვითა¬რე-ბული ქვეყნის ასეთი მაჩვენებლები (დამატებული ღირებულება ერთ დასაქმებულზე) სოფლის მეურნეობისა და დამამუშავებელი მრეწველობისათვის. 

მთლიანობაში, რეგიონების ეკონომიკის სტატისტიკური ანალიზიდან  გავარკვიეთ შემდეგი:

1. მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებული მრპ-ს მაჩვენებელი თბილისის რეგიონში მნიშვნელოვნად უფრო მაღალია (2-3-ჯერ), ვიდრე საქართველოს დანარჩენ რეგიონებში.

2. მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებული მრპ-ს მაჩვენებელი საქართველოს ყველა რეგიონში მნიშვნელოვნად უფრო მცირეა, ვიდრე რუსეთის და უკრაინის რეგიონებში.

3. რეგიონების ჭრილში ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით შექმნილი დამატებული ღირებულების განაწილების ანალიზიდან ირკვევა: ა) რომ საქმიანობის ისეთ მნიშვნელოვან სახეში, როგორიცაა მრეწველობა, შექმნილი დამატებული ღირებულების უმეტესი ნაწილი (41.3% + 24.7%) შექმ-ნილია ორ რეგიონში, თბილისსა და ქვემო ქართლში, რაც მეტყველებს საქართველოს დანარჩენ რეგიონებში მრეწველობის უფრო სუსტ განვითარებაზე ამ ორ რეგიონთან შედარებით. კერძოდ, დაქვეითდა ზოგიერთ რეგიონში განლაგებული სამრეწველო კვანძების მნიშვნელობა (ქუთაისში, ფოთში, ბათუმში); ბ) საქმიანობის ისეთ საკვანძო სახეებში, როგორიცაა “ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა”, “ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი” და “მშენებლობა” დამატებული ღირებულების უმეტესი ნაწილი (შესაბამისად, 81.4%, 80.4% და 66.4%) შექმნი¬ლია ქ. თბილისში; გ) სტატისტიკური მონაცემების მიხედვით “მომსახურების სხვა სახეებში” შემავალი სახეებიდან “საფინანსო საქმიანობაში” შექმნილი დამატებული ღირებულების უდიდესი ნაწილი თავმოყრილია ქ. თბილისში (ასეთი სიტუაცია დამახასიათებულია რუსეთისა და უკრაინისათვისაც, რად¬განაც დედაქალაქებში განლაგებულია ყველაზე მნიშვნელოვანი კომერციული ბანკების ცენტრალური ოფისები, რეგიონებში განლაგებული მათი ფილიალები კი დამატებულ ღირებულებას ქმნიან შედარებით მცირე ოდენობით). “მომ¬სახურების სხვა სახეებში” შემავალ საქმიანობის დანარჩენ სახეებს “კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა”, “სასტუმროები და რესტორნები” და “ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებ-ლებისათვის მომსახურების გაწევა” მრპ-ში თბილისის რეგიონთან შედარებით გარკვეულწილად თანაზომიერი წილი უკავიათ.

4. ერთ დასაქმებულზე წარმოებული საქმიანობის სახეების მიხედვით მდღ-ს მაჩვენებლის ანალიზიდან ირკვევა, რომ: ა) საქართველოში საქმიანობის სხვადასხვა სახეში ერთ დასაქმებულზე წარმოებული მდღ-ს მაჩვენებლების სიდიდეები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება, უკიდურესად მცირეა ის სოფლის მეურნეობაში _ 1.0 ათასი ლარი ერთ დასაქმებულზე, ყველაზე დიდია “საფინანსო შუამავლობაში” _ 37.7 ათასი ლარი ერთ დასაქმებულზე, “მრეწვე-ლო¬ბაში” _ 13.6 ათასი ლარი, “სასტუმროები და რესტორნებში” _ 13.3 ათასი ლარი და “ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა, კომერციულ საქმიანობაში” _ 10.9 ათასი ლარი ერთ დასაქმებულზე. ამიტომ, რეგიონებს, რომელთაც მრპ-ში შექმნილი დამატებული ღირებულების მიხედვით დიდი ხვედრითი წილი გააჩნიათ საქმიანობის სახეებს ერთ დასაქმებულზე გაანგარიშებული მდღ-ს მაღალი მაჩვენებლით, აქვთ უფრო მაღალი მრპ მოსახლეობის ერთ სულზე მაჩვენებლები, რადგანაც ყოველ რეგიონში მოსახლეობის რიცხოვნობა ამა თუ იმ ზომით პირდაპირ პროპორციულია რეგიონში დასაქმებულთა რიცხოვნო-ბასთან. ესე იგი იმ რეგიონებში, სადაც უფრო მეტია დასაქმებულების რაო-დენობა საქმიანობის სახეებში მაღალი მდღ ერთ დასაქმებულზე მაჩვენებლით, უფრო მაღალია მრპ/მოსახლეობის ერთ სულზე მაჩვენებელიც. ბ) მდღ ერთ დასაქმებულზე საქართველოს სოფლის მეურნეობაში უკიდურესად უფრო მცი¬რეა განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, მაგალითად, 60-ჯერ ნაკლებია, ვიდრე საფრანგეთში, 22-ჯერ, ვიდრე არგენ¬ტინაში და 10-ჯერ, ვიდრე ბელარუსში. ასევე, საქართველოში უფრო მცირეა სხვა ქვეყნებთან შედარებით მდღ ერთ დასაქმებულზე დამამუშავებელ მრეწვე¬ლობაში, მაგალითად, ის 9-ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე საფრანგეთში და 3-ჯერ უფრო მცირე, ვიდრე რუსეთში.

ახლა გავჩერდეთ სიტუაციის გაუმჯობესების გზებზე ეკონომიკის ამა თუ იმ პარამეტრების განვითარების საფუძველზე.

1. გაუმჯობესება ახალი საწარმოების და ორგანიზაციების შექმნის ხარჯზე. მრეწველობაში საჭიროა სამრეწველო კვანძების განვითარების ინიცი¬რება (ზოგიერთ რეგიონულ ქალაქში) მათში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამრეწველო საწარმოების განთავსებით. საქართველოში, როგორც სატრანზიტო ქვეყანაში, შეიძლება ასევე ეგრეთ წოდებული “ინდუსტრიული ტრანზიტის” ხერხის გამოყენება (მაგალითად, ფოთსა და ბათუმში), როდესაც ხორციელდება სატრანზიტო ტვირთების ნაწილის ამა თუ იმ ზომით სამრეწვე¬ლო გადამუშავება ძირითადად იმ ქალაქებში, სადაც ხდება მათი გადატვირთვა (მაგალითად, გემიდან სატვირთო ავტომობილებზე ან პირიქით). განსაკუთ¬რებით საჭიროა მაღალტექნოლოგიური საწარმოების დაარსება, რომელთა რაო¬დენობა ამჟამად საქართველოში ძალიან მცირეა ან რეალური უცხოური კაპიტალის მოზიდვის ხარჯზე, ან ადგილობრივი მეწარმეების მიერ საჭირო ტექნოლოგიების შესყიდვის გზით შექმნილი საწარმოების საერთაშორისო ტექ¬ნოლოგიურ ჯაჭვებში ჩართვით. სოფლის მეურნეობაში საჭიროა უმოქმედო სასოფლო-სამეურნეო ფართობების ათვისება, ასევე, საკვები კულტურებით (ხორბალი, სიმინდი, სამყურა, იონჯა) დაკავებული ფართობების ზრდა ხორცის და რძის პროდუქტების, მატყლის, ტყავის და ა. შ. წარმოების ზრდის მიზნით (რადგანაც ამ პროდუქტების ადგილობრივი წარმოების უკმარისობას ძალზე ნეგატიური წვლილი შეაქვს ექსპორტ-იმპორტის სალდოში). რეგიონებში ასევე ყურადღება უნდა მიექცეს მიწის ექსპლუატაციის გაუმჯობესებას, მათ შორის, ზოგიერთ, არაეფექტიანად გამოყენებულ მიწაზე კულტივირებადი მცენარეების (საზამთრო, უხარისხო ჯიშების ვაშლი და ა. შ.) შეცვლას სხვა მცენარეებით. საქართველოს მცირემიწიანობის გამო საჭიროა სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ¬ლების მიწების სხვა კატეგორიებში გადაყვანის სრული აკრძალვა. ასევე სრულად უნდა აიკრძალოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან რეალიზაციის მიზნით ნიადაგის (ჰუმუსის) მოხსნა (ასეთი ოპერაციები 2000-იან წლებში გავრცელებული იყო საქართველოში, ამასთან, ხშირად ჰუმუსის საექსპორტო რეალიზაციის მიზნით). უახლოეს პირიოდში, ასევე, რეგიონებში უნდა გაგრძელდეს მომსახურების სფეროში საქმიანობის ზოგიერთი სახის წინმსწრები განვითარება (შესაბამისი საწარმოებისა და ორგანიზაციების შექმ¬ნის საფუძველზე). ასეთი ტენდენცია არსებობდა განვითარებულ ქვეყნებში, სადაც  დროის ხანგრძლივ მონაკვეთებში ხდებოდა სამუშაო ძალის გარკვეული ნაწილის გადადინება სოფლის მეურნებისა და მრეწველობის ზოგიერთი დარგიდან (მათში შრომის მწარმოებლურობის სწრაფი ზრდის შედეგად სამუშაო ძალის ნაწილის გამოთავისუფლების გამო).

2. გაუმჯობესება პროდუქტულობის ზრდის ხარჯზე (ე. ი., ფაქტობრივად, მდღ ერთ დასაქმებულზე ზრდის ხარჯზე). მრეწველობაში პროდუქტულობის ზრდა ძირითადად უნდა ხდებოდეს ახალი ტექნოლოგიების ათვისების ხარჯზე (ამ ტექნოლოგიებზე მუშაობისათვის კადრების თავისდროული მომზადებით). მაღალტექნოლოგიურ დარგებში კი, ასევე, ქვეყანაში აშენებული საწარმოების ჩართვით საერთაშორისო ტექნოლოგიურ ჯაჭვებში, რომლებშიც ეს საწარ¬მოები შექმნიან დამატებული ღირებულების გარკვეულ ნაწილს განსაზღვრული საბოლოო პროდუქტის გამოსაშვებად (მაგალითად, საქართველოში ახლა უნდა დაიწყოს ისეთი საწარმოს მშენებლობა, რომელმაც თვითმფრინავებისათვის უნ¬და აწარმოოს კომპოზიტური მასალებისაგან შექმნილი დეტალები და კვანძები. ასეთი საწარმო ფაქტობრივად იქნება საბოლოო პროდუქტის (თვითმფრი¬ნა¬ვების) შექმნის ტექნოლოგიური ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც შესა¬ბამის დეტალებს და კვანძებს მიაწოდებს სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ქარხნებს, რომლებიც გამოუშვებენ საბოლოო პროდუქტს _ სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავს), მაგრამ საჭიროა ისეთი კორპორაციების შექმნაც, რომლებშიც ქვეყნის ფარგლებში იქნება განლაგებული საბოლოო პროდუქტის წარმოები¬სათ¬ვის საჭირო ტექნოლოგიური ჯაჭვის რგოლების უმეტესი ნაწილი (ეს შესაძლებელია მცირე ქვეყანაშიც, მაგალითად, “ნოკია” _ ფინეთში, მეტა¬ლურ¬გიული ქარხნები _ ლუქსემბურგში). სოფლის მეურნეობაში პროდუქტულობის ზრდა შესაძლებელია მოსავლიანობის ზრდის ხარჯზე. მაგალითად, ამჟამად, ქვეყანაში მარცვლეულის მოსავლიანობა ორჯერ და უფრო მეტად ნაკლებია, ვიდრე ქვეყნებში განვითარებული სოფლის მეურნეობით. უფრო კარგი შედეგე¬ბის მისაღებად საჭიროა თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე, იქ, სადაც აუცილებელია მიწების რეკულტივაციის ღონის¬ძიებების განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მიწების ექსპლუატაციას მთიან რაიონებში. ტრანსპორტში პროდუქტულობის ზრდა შესაძლებელია ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრების გადაყვანის მოცუ¬ლო¬ბის ზრდის ხარჯზე.

3. გაუმჯობესება პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტაციის ხარჯზე. მრეწველობაში სხვადასხვა მიდგომაა საჭირო ტრადიციულ და მაღალტექნოლოგიურ დარგებთან მიმართებაში. ტრა¬დიციული დარგებიდან ყველაზე მეტად ხელმიშვებულია მსუბუქ მრეწვე¬ლობაში შემავალი დარგები. მოსახლეობა, თითქმის მთლიანად, იმპორტის ხარჯზე მარაგდება, რომლის მოცულობა მსუბუქ მრეწველობაში 6.9-ჯერ აღე¬მატება ადგილობრივ წარმოებას და 11.7-ჯერ ექსპორტს. ამიტომ რეგიონების უმეტესობაში საჭიროა მსუბუქი მრეწველობის საწარმოების შექმნა, არსებუ¬ლებში კი პროდუქციის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ტყავის პირველადი დამუშავების ისეთი საწარმოების შექმნა, რომლებიც უზრუნვეყოფენ მაღალხარისხიანი ტყავის გამოშვებას ფეხსაცმ¬ლის მრეწველობისათვის (მათი დამუშავების ამჟამინდელი ხარისხი არ აკმა¬ყოფილებს არავითარ თანამედროვე სტანდარტს და, ამიტომ, საქართველოში წარმოებული ფეხსაცმელიც გარკვეულწილად ამის გამო უხარისხოა). ასეთ¬ნაი¬რად დამუშავებულ ტყავზე მოთხოვნა ნაკლებია, რის გამოც სოფლის მეურ¬ნეობისა და მსუბუქი მრეწველობის სფეროში იკარგება საკმაო ოდენობის დამატებული ღირებულების შექმნის შესაძლებლობა. ასევე საჭიროა საქარ¬თველოს სოფლის მეურნეობაში ცხვრის ჯიშის შეცვლა, რადგანაც, ამჟამად არსებული ცხვრის მატყლი არ აყმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და, ამიტომ, მოთხოვნა ამ მატყლზე სუსტია. პარალელურად, რეგიონულ ქალაქებში საჭიროა საშუალო ზომის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფეხსაცმლის, საფეიქრო (საქსოვი), მათ შორის აბრეშუმის საქსოვი, და სამკერვალო ფაბრიკების დაფუძნება.

შედარებით კარგია მდგომარეობა სამშენებლო მასალების მრეწველო¬ბაში. მაგრამ იმისათვის, რომ ამ დარგში ექსპორტის მოცულობამ გადააჭარბოს იმპორტის მოცულობას, საჭიროა სამშენებლო მასალების წარმოების ზრდა მისი პროდუქციის საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტაციით. შიდა ქართლში, სადაც ამჟამადაც განლაგებულია სამშენებლო მასალების რამდენიმე შედარებით დიდი საწარმო, შეიძლება სამშენებლო მასალების წარმოების სამრეწველო კვანძის ჩამოყალიბება კიდევ რამდენიმე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ახალი საწარმოების ჩამოყალიბების საფუძველზე. ამ რეგიონში სამშენებლო მასალების მრეწველობის საწარმოების საკმაო დიდი ოდენობით კონცენტრაცია მოგვცემს ამავე რეგიონში შესაბამისი პროფილის ინოვაციური ცენტრის შექმნის, საბოლოო პროდუქციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მიღწევისა და, ასევე, პროდუქციის ექსპორტული გასაღების ხელშემწყობი ცენტრის ორგანიზაციის შესაძლებლობას.

მრეწველობაში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოების ჩამოსაყალიბებლად (მდღ ერთ დასაქმებულზე მაღალი მაჩვენებლით), როგორც ითქვა, საჭიროა ტრანსეროვნული კორპორაციების საწარმოების მოზიდვა, ადგილობრივი მეწარმეებმა კი უნდა შეისყიდონ შესაბამისი თანამედროვე მაღა¬ლი საწარმოო ტექნოლოგიები და უზრუნველყონ საერთაშორისო ტექნოლო¬გიურ ჯაჭვებსა და ექსპორტული გასაღების სისტემებში ჩართვა.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საკმაოდ დიდი ნაწილი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს (გარკვეული ნაწილი კი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა სხვა ქვეყნების ანოლოგიურ პროდუქციასთან შედარებით). მაგრამ ხილბოსტნეულის მეურნეობა უკანასკნელ პერიოდში ნაწილობრივ ხელ¬მიშვებული იყო. მაგალითად, შემცირდა კარგი ჯიშების ვაშლის წარმოება. ამიტომ საჭიროა ხილის ღირებული ჯიშების წარმოების სრული მოცულობით აღდგენა, ის ფართობები კი, სადაც ამჟამად იწარმოება ისეთი ხილი, რომლის რეალიზაცია საშინაო ბაზრებზეც კი რთულია, გამოყენებული უნდა იქნეს სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათვის. სოფლის მეურნეო¬ბის კიდევ ერთი პრობლემაა არაკონდიციური ცხვრის მატყლის წარმოება. ძნელად ხორციელდება ცხვრის ხორცის რეალიზაციაც, მატყლის ამჟამინდელ ჯიშზე კი მოთხოვნა არაა გადამამუშავებელი საწარმოების მხრიდან (რადგანაც თანამედროვე პირობებში შეუძლებელია მისგან კონკურენტუნარიანი ქსოვილების წარმოება).

4. გაუმჯობესება წარმოების თანამედროვე ორგანიზაციის ხარჯზე. მრეწველობაში საჭიროა ასოციაციების შექმნა მწარმოებლების საბოლოო პროდუქტების მიხედვით, რომლებიც ბიზნესის დონეზე შეიმუშავებენ დარგობრივ სამრეწველო პოლიტიკას. ასეთი ასოციაციების ფარგლებში შეიძლება, მაგალითად, ექსპორტული გასაღების ხელშემწყობი ორგანიზაციების შექმნა (შესაბამისი ფირმის რამდენიმე მეწარმის მიერ ერთობლივი დაფუძნების სახით). საჭიროა, ერთი მხრივ, მსხვილ და საშუალო ფირმებს, და მეორე მხრივ, მცირე ფირმებს (რომლებიც აწარმოებენ ცალკეულ დეტალებს ლიდერ-საწარმოებისათვის) შორის საწარმოო თანამშრომლობის პრაქტიკის შემოღება (ასეთი პრაქ¬ტიკა გავრცელებულია აშშ-ში, იაპონიასა და მრავალ სხვა ქვეყანაში). ასევე საჭიროა ტექნოლოგიების ტრანსფერის თანამედროვე ქსელის შექმნა, ლიდერ კომპანიით ცენტრში და მისი წარმომადგენლებით რეგიონებში. ტექნოლოგიების ტრანსფერის ორგანიზაციებში საჭიროა ინჟინირინგული განყოფი¬ლებების არსებობა, რომლებიც მეწარმეებს ხელს შეუწყობენ შესყიდვისათვის ტექნოლოგიების არჩევასა და შეძენაში, დაეხმარებიან ტექნოლოგიების დანერ¬გვის პროცესებში. სოფლის მეურნეობაში, სადაც არის ამის აუცილებლობა, საჭიროა მეურნეობების გამსხვილება, კერძოდ, კოოპერატივების ორგანიზაციის ხარჯზეც. საჭიროა სოფლის მეურნეობის მწარმოებლების (ხორცის, რძის, მატყლის, აბრეშუმის პარკის და ა. შ.) მონაწილეობის უზრუნველყოფა კვებისა და მსუბუქი მრეწველობის მწარმოებლების შესაბამის ასოციაციებში.

5. გაუმჯობესება რეგიონებში ტექნოპარკების (კონკურენტუნარიანობის ცენტრების) ორგანიზაციის ხარჯზე. უკანასკნელ 10-15 წელიწადში ბევრ ქვეყანაში (მაგალითად, საფრანგეთში, ფინეთში), იქმნება დიდი ეკონომიკური ეფექტის მომტანი ტექნოპარკები (კონკურენტუნარიანობის ცენტრები), რომელთა არსი შედგება “გარკვეულ ტერიტორიაზე საწარმოების, უმაღლესი განათლების დაწესებულებების (სახელმწიფო ან კერძო) დაჯგუფებაში ეკონომიკური პროექტებისა და ინოვაციების ერთობლივი დანერგვის მიზნით”. რა თქმა უნდა, შეუძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში ერთბაშად ასეთი წარმონაქმნების შექმნა კვალიფიცირებული მომუშავეების საკმაო ოდენობის უქონლობისა და დაფინანსებასთან დაკავშირებული სიძნელეების არსებობის გამო, მაგრამ მსხვილ რეგიონებში საჭიროა ასეთი სტრუქტურების ორგანიზაციის დაწყება, უპირველეს ყოვლისა, ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავებისა (ან იმპორტის) და დანერგვის მიზნით დაფინანსებისა და სამეცნიერო ორგანიზა¬ციების და მეწარმეების ურთიერთმოქმედების მექანიზმების ფორმირების საფუძველზე.

ამ ღონისძიებების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭიროა რეგიონების ეკონომიკური განვითარების სახელმწოფო, რეგიონული და ბიზნეს-კოორდინაციის მექანიზმების შემდგომი რეფორმირება (სრულყოფა).